„ომს არ ვაპირებთ. იმდენად უნდა დავნერგოთ ე.წ. ტრენდი, სამშვიდობო ტრენდი, შერიგების, მშვიდობიანი განვითარების ტრენდი, რომ მომავალმა ხელისუფლებებმაც სხვანაირად ვერ და არ ილაპარაკონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს იქნება მთავარი გზავნილი ყოველთვის ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების მიმართ, რომ საქართველო მშვიდობით დაიბრუნებს თავის ხალხს, თავის ტერიტორიებს და მშვიდობით გავერთიანდებით, მშვიდობით ვაპატიებთ ერთმანეთს იმას, რაც საპატიებელია წარსულიდან. მაგრამ ყოველგვარი პროვოკაცია, თუ ოკუპანტი ქვეყნიდან და თუ ქართული რადიკალური, მავნებლური ოპოზიციიდან წამოვა, ამასაც პასუხს გავცემთ და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით კონკრეტულ რეაგირებას ყოველთვის მოვახდენთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
„პრორუსული ხელისუფლება რომ გყავთ, რატომ ვერ დაალაგა ეს ამბავი ხომ არ იცით, ლავროვი რომ აფხაზეთში არ ჩადიოდეს?“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ.
„თქვენი აზრით, ხომ პრორუსული ხელისუფლება გყავთ ამ ქვეყანაში ჩვენი სახით, გულწრფელად ხომ ასე მიგაჩნიათ და ლავროვი რომ აფხაზეთში ჩადის, ამის გამორიცხვა რატომ ვერ უზრუნველვყავით? საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ, თქვენ რომ ასე ატყუებთ საზოგადოებას, რატომ ვერ უზრუნველყო ის, რომ ყოველ მესამე დღეს არ იყოს ისეთი მესიჯები, რომელსაც გამოიყენებთ და საქართველოს ხელისუფლებას ამით არ დაესხმებით თავს? ესე იგი, ცოტა სხვანაირად არის საქმე. ის რომ ბორდერიზაციას აგრძელებენ დღემდე და ლავროვი, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, აფხაზეთთან დაკავშირებით ასეთ პოზიციას ქმედებითაც და სიტყვიერადაც რომ ახმოვანებს, ეს ხომ ოკუპაციის თანმდევი ძალიან მავნე შედეგებია. ამას ხომ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით და ჩართულობით უნდა ვებრძოლოთ და თქვენ ამ დროს საქართველოს ხელისუფლებას რუსულს უწოდებთ. ამაშია მთელი მავნებლობა იმ ნარატივის, რომელსაც ახორციელებს აბსოლუტურად ტყუილზე, ფარსზე დაყრდნობით ქართული ე.წ. ოპოზიცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.