პრემიერმა ზურაბიშვილს ოფიციალური ვიზიტის უფლება არ მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ 30-ზე მეტჯერ იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ. უმრავლეს შემთხვევაში პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული წესით, ვიზიტამდე პრემიერ-მინისტრისგან წერილობით თანხმობას იღებდა.
პირველი უარი პრეზიდენტმა 2022 წლის 26 თებერვალს მიიღო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტის სამსახურმა სტანდარტული პროცედურა დაიცვა და პრემიერ-მინისტრისგან ითხოვა თანხმობა ევროპაში ოფიციალური შეხვედრების გასამართად საფრანგეთის, ევროპული საბჭოს, გერმანიისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან. გლობალური უსაფრთხოება, მშვიდობისთვის შექმნილი გამოწვევები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხების პარტნიორებთან განხილვა – ეს იყო პრეზიდენტის დაგეგმილი შეხვედრების თემები.
14 მარტს, როდესაც პრეზიდენტმა ვიზიტზე უარის თქმის მიღების შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ოფიციალური დოკუმენტები გამოითხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით პრემიერის აპარატში სულ (ინაუგურაციიდან დღემდე) გაგზავნილია 39 წერილი – აქედან 33-ზე თანხმობაა, 1-ზე უარი, 5 წერილი კი უპასუხოდ არის დარჩენილი.