უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ ქართველი სამხედროების სახელი და გვარები რუსეთის ხელში აღმოჩნდა ქვეყნის შიგნით მყოფი ინსურგენტების დახმარებით. მისი თქმით, ასეთმა ადამიანებმა ეროვნული ინტერესების ღალატისთვის პასუხი უნდა აგონ.
„უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რატომ გვიყვარს საქართველო და ქართველები. ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება უყვართ, რისკების მიუხედავად მუდამ ერთად არიან და მხარდამხარ დგანან. ჩვენ გვყავს ქართველი პარტნიორები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. ეს მომენტი ქართველი ერის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ის ყოველთვის ტყუის.
საქართველოს იმ მოქალაქეების გვარები, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად დგანან და იბრძვიან, რუსეთის ხელში მხოლოდ შიგნით მყოფი ინსურგენტების დახმარებით მოხვდა. ვგულისხმობ იმ თქვენს სუბიექტებს, რომლებსაც მსგავს ინფორმაციებთან წვდომა აქვთ. სასურველია, რომ ამ სუბიექტებს ჰკითხოთ, რატომ თამაშობენ რუსეთის დაზვერვის მიერ შემოთავაზებულ თამაშს და პასუხი აგებინოთ ეროვნული ინტერესების ღალატისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.