ხარკოვის მიმართულებით რუსული არმია აძლიერებს დანაყოფებს და ემზადება თავდასხმის ოპერაციების განახლებისთვის, – ამის შესახებ ოპერატიულ სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცია“ იუწყება.
დაჯგუფების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგეს ამ მიმართულებით შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია. ასევე, ცნობილია, რომ კუპიანსკის მიმართულებით აგრესორის თავდასხმები წარმატებით მოიგერიეს უკრაინელებმა სამ დასახლებულ პუნქტთან.
„ლოზოვასა და ნოვა კრუგლიაკოვკას მიდამოებში, მოწინააღმდეგემ ჯავშანტექნიკის დახმარებით შეტევა სცადა. ყველა ჯავშანტექნიკა განადგურდა და დამპყრობელმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა“, – ნათქვამია მოხსენებაში.
გარდა ამისა, აგრესორი მუდმივად უტევს უკრაინელი სამხედროების თავდაცვით სიმაგრეებს პოკროვსკის მიმართულებით. მაგრამ ოკუპანტის თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის დამცველებმა.
„რუსეთის არმიამ, ასევე, შეუტია ლიმანის მიმართულებით. უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა წარმატებით მოიგერია აგრესორის თავდასხმა. მოწინააღმდეგე, ასევე, წარუმატებლად ცდილობდა სერებრიანსკის ტყეში ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას“, – აცხადებს ოპერატიულ სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცია“.