ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, პოლონეთი ევროპაში უდიდესი არმიის შექმნას იწყებს – The Telegraph

პოლონეთმა ბოლო 50 წლის განმავლობაში თავისი არმიის ყველაზე დიდი გადაიარაღების კამპანია წამოიწყო, რაც მიზნად ევროპაში უძლიერესი სამხედრო ძალის შექმნას ისახავს, – ამის შესახებ The Telegraph-ის სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ვარშავა იძულებული გახდა, რომ არმიის გაძლიერება დაეწყო. პოლონეთის ხელისუფლება შიშობს, რომ მომავალში მოსკოვის „ინტერესის“ ობიექტი მათი ქვეყანაც შესაძლოა, გახდეს.

მიმდინარე წელს თავდაცვაზე პოლონეთი თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს დახარჯავს, რაც ორჯერ აღემატება ნატოს მინიმალურ ზღვარს. ამ მაჩვენებლით პოლონეთი ერთ სულ მოსახლეზე თავდაცვითი ხარჯების კუთხით ალიანსში ლიდერი გახდება.

ახალი აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ გარკვეული გარიგებები გაფორმდა ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე, მაგრამ რუსეთის შეჭრამ პროცესი დააჩქარა და მრავალი ახალი კონტრაქტის გაფორმება გამოიწვია.

ამ სტრატეგიის ფარგლებში, პოლონეთმა უკვე შეუკვეთა 1 000 K2-ის ტიპის ტანკი სამხრეთ კორეიდან და 250 ახალი „აბრამსის“ ტიპის ტანკი აშშ-იდან. ამ შესყიდვებით პოლონეთი ევროპაში ყველაზე დიდი სატანკო ჯგუფის მფლობელი გახდება.

გარდა ამისა, პოლონეთის საარტილერიო ძალები ელიან 600 კორეული K9 ტიპის ჰაუბიცის, 18 „ჰაიმარსისა“ და 288 კორეული MLRS-ის ჩამოსვლას.

პოლონელები ასევე გეგმავენ დამოუკიდებლად აწარმოონ 1 000-ზე მეტი Borsuk-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა. საჰაერო ძალები შეივსება აშშ-დან შეძენილი 96 AH-64E Apache-ს ტიპის ვერტმფრენებითა და სამხრეთ კორეიდან შეკვეთილი 48 FA-50-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით.

გარდა იარაღისა და ტექნიკის შესყიდვისა, დაგეგმილია რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაორმაგება 300 000 კაცამდე. ამ მაჩვენებლის მიხედვით, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, პოლონეთი ევროპაშიც პირველ ადგილზე გადავა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები