ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:44 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

შოტლანდიაში ბავშვებზე მონადირე მოძალადე ტრანსგენდერ პატიმარს ქალების ციხეში განათავსებენ

შოტლანდიაში, გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლა სტერჯენის ლიბერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კიდევ ერთ „ყველაზე საშიშ“ ტრანსგენდერ პატიმარს, ბიოლოგიურ მამრს, ქალების ციხეში გადაიყვანენ.

სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ, რაც შოტლანდიის მმართველი ეროვნული პარტია იძულებული გახდა, რომ გაეთვალისწინებინა საზოგადოების მხრიდან წამოსული მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და მძაფრი პროტესტი, არაერთგზის სექსუალურად მოძალადე პირის ქალთა ციხეში განთავსების თაობაზე და საკუთარი გადაწყვეტილება შეეცვალა, კიდევ ერთ ტრანსგენდერ პატიმართან დაკავშირებით ახალმა სკანდალმა დაიწყო მომწიფება.

გამოცემა Daily Record-ის ცნობით, ლიბერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერი პატიმარი ტიფანი სკოტი, რომელიც სინამდვილეში ბიოლოგიური მამრია, მისი გენდერული იდენტობის შესაბამისად ქალების ციხეში განთავსდება. სკოტს, მძიმე დანაშაულებრივი წარსულის გამო, რაც  მოიცავს ციხის ქალ პერსონალზე თავდასხმას და ასევე, 13 წლის მოზარდ გოგონაზე ნადირობას,  ქალების ციხეში გადაყვანაზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უარს ეუბნებოდნენ. თუმცა, ამჯერად მოძალადის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მალე მას ქალთა ციხეში გადაიყვანენ.

გამოცემასთან საუბრისას წყარომ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ ყველა ტრანსგენდერ პატიმარს შორის სკოტი, რომელიც თავადაც არ უარყოფს მის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებს, „ყველაზე საშიშ პატიმრად ითვლება“. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ქალთა ციხეში გადაყვანა მაინც გადაწყდა.  „მისი ქალების ციხეში გაგზავნა, უბრალოდ, სრული სიგიჟეა“, – დასძენს წყარო.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ახლახანს გაკეთებული განცხადების თანახმად, ტრანსგენდერი პატიმრების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სასქესო ორგანოების მქონე და ასევე, სექსუალურად ძალადობაში მსჯავრდებული ტრანსგენდერი პატიმრების ქალების ციხეში განთავსება აიკრძალება.

თუმცა, შოტლანდიის სასჯელაღსრულების სისტემა ედინბურგში არსებული ადგილობრივი ხელისუფლების და არა ვესტმისტერის მიერ იმართება და შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ წესებში შეტანილი ცვლილებები შოტლანდიის ციხეებზე არ გავრცელდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები