„ფრონტზე რთული ვითარებაა, უკრაინა ყოველდღიურად კარგავს ასამდე სამხედრო მოსამსახურეს, ხოლო 500-მდე დაჭრილია“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
რეზნიკოვის თქმით, კრემლს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ფული იმისთვის, რომ თავისი იმპერიული ეგოს დასაკმაყოფილებლად უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.
„სწორედ ამიტომ უსვამს ხაზს უკრაინა მძიმე იარაღის მიწოდების საჭიროებას, თან ძალიან სწრაფად. ჩვენ სხვებისგან განსხვავებით დავამტკიცეთ, რომ კრემლის შიში არ გვაქვს, მაგრამ როგორც ქვეყანას არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი შვილები დავკარგოთ“, – აცხადებს რეზნიკოვი.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვერ იტყვის, რომ კმაყოფილია იარაღის მიწოდების ტემპით და რაოდენობით.
„ამავდროულად, უსაზღვროდ მადლობელი ვარ იმ ქვეყნების, რომლებიც მხარს გვიჭერენ. კერძოდ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ჩვენს ბალტიისპირელი მეგობრების. ყველა სხვა სახელმწიფოს, რომელიც გვეხმარება, რომ რუსეთის ბოროტება და სისასტიკე შევაკავოთ“, – აცხადებს ალექსეი რეზნიკოვი.