მიმდინარე წლის ზაფხულში კიევმა გააძლიერა დაზვერვის გაზიარება აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებთან, როდესაც დაიწყო კონტრშეტევის დაგეგმვა, რომელმაც გაათავისუფლა დიდი ტერიტორიები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბოლო დღეებში, – ამის შესახებ The New York Times აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
„ომის განმავლობაში შეერთებული შტატები უკრაინას აწვდიდა ინფორმაციას სამეთაურო პუნქტების, საბრძოლო მასალის საცავების და სხვა საკვანძო წერტილების შესახებ რუსეთის სამხედრო ხაზებზე“, – წერს The New York Times.
ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ხშირად უკეთ ესმით რუსეთის სამხედრო გეგმები, ვიდრე უკრაინის.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ამერიკელები „მუდმივად“ განიხილავდნენ კიევთან იმ გზებს, რომლითაც უკრაინამ შეძლო რუსეთის წინსვლის შეფერხება ქვეყნის აღმოსავლეთში.
გამოცემაში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ინფორმაცია მიაწოდეს მხარეებმა ერთმანეთს. იმავდროულად, პენტაგონის ყოფილი ჩინოვნიკისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის, მიკ მალროის თქმით, უკრაინის ჯარები უფრო სწრაფად მიიწევენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
„ჩრდილო-აღმოსავლეთში მიღწეული წარმატებები, მათ შორის იზიუმის, საკვანძო სარკინიგზო ცენტრის აღება, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა, რასაც უკრაინამ აქამდე მიაღწია“, – აცხადებენ ამერიკელი მაღალჩინოსნები.