„ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინასთან მიმართებით ხელისუფლება ფორმალურად შეუერთდა რეზოლუციებს, თუმცა, ომში მყოფ ქვეყანას მორალური და პოლიტიკური სოლიდარობა არ გამოუცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს არავინ არაფერს სთხოვდა გარდა იმისა, რომ შეერთებოდნენ საერთაშორისო სანქციებს.„25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთაშორისოს – მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.