ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 15:45 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
26°C clear sky

„ვერ ვიტყვი, რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები, არ გვინდა, სხვებსაც საფრთხე შევუქმნათ“ – სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი მედიასთან ინტერვიუში ბახმუტთან დაღუპულ ქართველ მეომრებზე საუბრობს.

„სამწუხაროდ, გუშინ ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომის პირველივე დღიდან ქართველ მოხალისეებთან მჭიდრო კავშირი მაქვს. მათ სამხედრო აღჭურვილობით ვეხმარებით. ძნელია შეაფასო იმ ქართველი მებრძოლების წვლილი და თანადგომა, რომლებიც ამ ომში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან. უკრაინაში ვებრძვით სახელმწიფოს, რომელიც ბოროტებას წარმოადგენს. სანამ დასავლეთი რეაგირებას არ ახდენდა, რუსეთმა მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიითვისა.

ჩვენი მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ღირსეული შვილები იღუპებიან. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი მნიშვნელოვანია. გვტკივა როდესაც საუკეთესო ადამიანებს ვკარგავთ. სამწუხაროდ ეს ხდება. ამ ომში გამარჯვების შემდეგ ჩვენს გმირებს და ჩვენს მეგობრებს შესაბამის პატივს მივაგებთ, მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უკრაინაში აუცილებლად შევხვდებით.

დეტალურად ვერ გეტყვით, რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები, რადგან იქ სხვა ჯარისკაცებიც იმყოფებიან. მოვლენები ყოველ წუთს იცვლება და არ გვინდა, სხვებსაც საფრთხე შევუქმნათ. ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია. იქ ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ოკუპანტები ბახმუტს ყოველდღიური რეჟიმში ანადგურებენ. იყენებენ ავიაციას, არტილერიას, საზენიტო და ზალპურ სარაკეტო სისტემებს. ქალაქი განადგურებულია. სროლების ინტენსივობა შეიძლება 3 ან 4 საათი უწყვეტად გაგრძელდეს. სროლების პარალელურად პრიგოჟინის პატიმრებიც იბრძვიან. რუსები ამ პატიმრებს საზარბაზნე ხორცებად იყენებენ. მტრის მანევრები ჩვენთვის ცნობილია“, – განაცხადა გაიდაიმ.

ცნობისთვის, 3 დეკემბერს, უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში 5 ქართველი დაიღუპა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები