ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:09 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

კანადა ქვეყანაში 1.5 მლნ მიგრანტის მიღებით არის დაინტერესებული

კანადა ქვეყანაში 1.5 მილიონ მიგრანტს იწვევს. რაში დასჭირდა ეს ამ ქვეყანას? BBC სიტუაციაში გარკვევას შეეცადა.

კანადაში მცხოვრები ყოველი მეოთხე პირი სხვა ქვეყანაში დაიბადა. კანადა იმიგრაციაზე სერიოზულ გათვლებს აკეთებს. ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ ჩამსვლელთა ხარჯზე ეკონომიკაში სამუშაო ძალის უკმარისობა აღმოფხვრას, რომელიც მოსახლეობის დაბერების და პენსიონერთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. მაგრამ ყველა კანადელს უცხოელების ასეთი დიდი რაოდენობის ჩასვლა სულაც არ უხარია.

ნოემბრის დასაწყისში კანადის ფედერალურმა ხელისუფლებამ გრანდიოზული გეგმები გამოაცხადა: მომავალი წლის იანვრიდან და 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის მთავრობა ყოველწლიურად 500 000 ემიგრანტის მიღებას გეგმავს. ანუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში კანადის მოსახლეობა საერთო ჯამში 1,5 მილიონი ადამიანით უნდა გაიზარდოს.

პროცენტული გაანგარიშებით, ეს დაახლოებით რვაჯერ აღემატება იმას, რასაც გაერთიანებული სამეფო გეგმავს და ოთხჯერ, ვიდრე აშშ-ის ადმინისტრაცია მოელის.

თუმცა, საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ კანადის ხელისუფლების გეგმები სრულად არ ასახავს ქვეყნის მცხოვრებლების განწყობას, რომელთაგან ბევრს ეშინია უცხოელთა ასეთი მასიური შემოდინების.

დიდი თამაში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კანადა მიზანმიმართულად ხელს უწყობს ახალი მცხოვრებლების შემოდინებას, რათა მოსახლეობის რაოდენობა და ეკონომიკა შეინარჩუნოს. ამავდროულად, ემიგრანტებს კანადაში მუდმივი ცხოვრების უფლება ენიჭებათ, მაგრამ მოქალაქეობა – არა.

გასულ წელს კანადაში ბინადრობის ნებართვა 405 000-მა ადამიანმა მიიღო – ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიზეზები, მეტწილად, მარტივი არითმეტიკით აიხსნება. როგორც ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში, კანადაშიც შობადობა სტაბილურად იკლებს, ხოლო მოსახლეობის საშუალო ასაკი, პირიქით, სტაბილურად იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის კანადას, რომ პენსიონერთა ქვეყნად გადაიქცეს.

ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანას სურს გაიზარდოს და განავითაროს თავისი ეკონომიკა, მას არ შეუძლია ემიგრანტების გარეშე.

კანადაში სამუშაო ძალის ზრდა უკვე პრაქტიკულად მთლიანად იმიგრაციით არის განპირობებული და მთავრობის პროგნოზით, 2032 წლისთვის, იგივე შეიძლება ითქვას მთლიანობაში მოსახლეობის ზრდაზე.

განსაკუთრებული ადგილი მსოფლიოში

დღეს კანადაში ყოველი მეოთხე ადამიანი სხვა ქვეყნიდანაა. G7-ის ყველა სხვა სახელმწიფოში (ანუ G7-ის განვითარებულ ქვეყნებში) ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია. ავიღოთ იგივე აშშ, რომელიც სხვადასხვა კულტურის მსოფლიო ცენტრად მიიჩნევა: იქ ემიგრანტები მოსახლეობის მხოლოდ 14%-ს შეადგენენ. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია დიდ ბრიტანეთშიც.

ძნელია ბრიტანეთსა და კანადაში იმიგრაციასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შედარება, რადგანაც ამ ქვეყნების მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან განსხვავებულია.

ბრიტანეთი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, ხოლო კანადა ფართობით მეორეა მსოფლიოში რუსეთის შემდეგ და იქ „მხოლოდ“ 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ანუ არის ადგილი ზრდისთვის – პირდაპირი გაგებით.

„ბრიტანეთში  უბრალოდ არ არსებობს მოსახლეობის იმ ტემპით და იმ მოცულობით ზრდის აუცილებლობა, რასაც კანადა აკეთებს”, – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის მონიტორინგის პროექტის ობსერვატორიის დირექტორი მადლენ სუმპტიონი.

თუმცა, ემიგრანტების წარმატებით მოსაზიდად, მხოლოდ საკმარისი არ არის უზარმაზარი, თითქმის დაუსახლებელი ტერიტორია და ხელსაყრელი დემოგრაფიული მაჩვენებელი, ამისთვის მთავარია მოსახლეობის მხარდაჭერა.

„ქვეყნების უმრავლესობისთვის მთავარი შემზღუდველი ფაქტორი საზოგადოებრივი აზრია“, – ამბობს ტორონტოს მაკმასტერის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ჯეფრი კემერონი.

მაგალითად, შეერთებულ შტატებში, სადაც ემიგრანტების რაოდენობა, რომლებიც კვეთენ საზღვარს სამხრეთიდან, რეკორდულ დონემდე გაიზარდა, ბევრმა დაიწყო ფიქრი, რომ შესაძლოა, ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი ჩავიდეს უცხოეთიდან, ვიდრე იქ დასაქმების შესაძლებლობა არსებობს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბრიტანელებმა რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტეს, სწორედ ის იყო, რომ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ევროკავშირში შესული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იაფი მუშახელის მასიური შემოდინების მიმართ.

თუმცა, როგორც Madeleine Sumption აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბრიტანეთში საზოგადოებრივი აზრი მიგრაციის მიმართ უფრო ლიბერალური გახდა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ Brexit-ის შემდეგ ქვეყნის მცხოვრებლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ახლა ამ პროცესს სახელმწიფო უკეთესად აკონტროლებს.

კანადაში, ისტორიულად, საზოგადოებაში იმიგრაციის მხარდაჭერა ყოველთვის მაღალი იყო.

„ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ საზოგადოებას აქვს საკმაოდ დიდი ნდობა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, თუ როგორ უმკლავდება ის მიგრანტთა ნაკადს და მათ იციან, რომ ეს ყოველთვის ქვეყნის ინტერესებშია“, – განმარტავს კემერონი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ემიგრანტების შემოდინების გამო შეშფოთება არ არსებობს.

კანადაში იმიგრაციისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია

როდესაც ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა გეგმები წელიწადში 500,000-მდე მიგრანტის მიღებაზე, კვებეკის ავტონომიურმა პროვინციამ, რომელსაც შეუძლია დააწესოს საკუთარი კვოტები ემიგრანტების ნაკადთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ დათანხმდა არაუმეტეს 50,000 ადამიანის მიღებას. ანუ კვებეკი, სადაც კანადის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ცხოვრობს, მზად არის მიიღოს დაგეგმილი ვიზიტორების მხოლოდ 10%.

კვებეკის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ლეგო მიიჩნევს, რომ ემიგრანტების ზედმეტმა ნაკადმა შეიძლება შეასუსტოს პოზიციები ფრანგულენოვან რეგიონში.

ქვეყნის სხვა რეგიონებში ადამიანები შეშფოთებულები არიან საცხოვრებლის ხელმისაწვდომობით – მიუხედავად იმისა, რომ კანადას ამდენი ადგილი აქვს გასაშენებლად. დიდ ქალაქებში – როგორიცაა ტორონტოსა და ვანკუვერში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 10% ცხოვრობს – ბინებთან დაკავშირებით მდგომარეობა ისედაც ძალიან რთულია.

კანადური ლეგერის ინსტიტუტისა და კანადის შესწავლის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა სამი მეოთხედი პირველ რიგში შეშფოთებულია იმით, თუ როგორ იმოქმედებს მთავრობის საიმიგრაციო გეგმა საცხოვრებელსა და სოციალურ სერვისებზე. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%) მიიჩნევს, რომ წელიწადში 500 000 ვიზიტორი ძალიან ბევრია. მაშინ როცა რესპონდენტთა მესამედზე ნაკლები (31%) ამ გეგმას ეთანხმება.

კანადური მიდგომა

კანადა სხვა დასავლური ქვეყნებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ის საიმიგრაციო პოლიტიკას ეკონომიკური ინტერესების მიხედვით უდგება. ამჟამინდელი ბინადრობის ნებართვის მფლობელთა ნახევარზე მეტმა ქვეყანაში გადასვლა პროფესიული უნარების გამო და არა ოჯახის გაერთიანების პროგრამით შეძლო.

2025 წლისთვის მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება.

პოლიტოლოგი ჯეფრი კამერონი განმარტავს, რომ ქვეყანამ ასეთ შედეგებს მიაღწია 1960-იან წლებში ქულების სისტემაზე გადასვლის გამო, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მიგრანტებს იმ ცოდნითა და უნარებით, რაც ქვეყანაში მოთხოვნადია.

„დღევანდელი სისტემა არსებითად ეფუძნება იმავე პრინციპებს“, – ამბობს კემერონი.

კანადის საიმიგრაციო სისტემა უნიკალური არ არის. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას მსგავსი პრინციპები მოქმედებს.

დიდ ბრიტანეთში ბინადრობის ნებართვის ყოველმა მეოთხე მფლობელმა ის ეკონომიკური ნიშნით მიიღო. აშშ-ში კი – ყოველმა მეხუთემ.

ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ იმედოვნებენ, რომ გაზრდის შრომითი იმიგრანტების პროპორციას. მაგრამ, კანადისგან განსხვავებით, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ემიგრანტები თავდაპირველად უნდა იყოს მოწვეულები დამსაქმებლების მიერ.

კანადაში, ბინადრობის ნებართვის განმცხადებელს შეუძლია მიიღოს დამატებითი ქულები სამუშაოზე მოწვევისთვის, მაგრამ მისი მოპოვება არ არის აუცილებელი საიმიგრაციო განაცხადის შეტანისას.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო, ასევე, ახლახან გადავიდა ქულების სისტემაზე, რეალობა იგივე რჩება, უპირატესობა ენიჭება იმიგრანტებს, რომლებსაც უკვე შესთავაზეს სამუშაო ქვეყანაში – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მადლენ სუმპშონი.

შეუძლია თუ არა კანადას მიაღწიოს თავის მიზანს?

კანადა არა მხოლოდ იღებს უფრო მეტ მიგრანტს ეკონომიკური კატეგორიიდან, ვიდრე სხვა ქვეყნები, ის ასევე არის მსოფლიოში ყველაზე ღია ქვეყნებს შორის ლტოლვილებისთვის. 2021 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ  20 ათასზე მეტ განმცხადებელს თავშესაფარი მისცა.

კანადა ყოველთვის ვერ ახერხებდა ამბიციური საიმიგრაციო გეგმების განხორციელებას. მაგალითად, 2021 წელს მთავრობა აპირებდა დაახლოებით 59 000 ლტოლვილის მიღებას, მაგრამ რეალურად იქ სამჯერ ნაკლები ჩავიდა.

უკრაინიდან წელს კანადაში დაახლოებით 300 ლტოლვილი გაფრინდა.

კანადის სამაუწყებლო კორპორაციასთან ინტერვიუში, იმიგრაციის მინისტრმა შონ ფრეიზერმა ეს წარუმატებლობა  Covid-19 პანდემიის შედეგებით ახსნა, როდესაც კანადისა და სხვა სახელმწიფოების საზღვრები ჩაკეტილი იყო.

2023 წელს კანადა 76 000 ლტოლვილის მიღებას გეგმავს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები