ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 8, 2024 20:40 საათი

თბილისი

აპრ 8 - ორშ
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

აკაკი წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა

აკაკი წერეთლის გამზირზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა. რეაბილიტაციის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, დაპირება გზის გახსნასთან დაკავშირებით შესრულებულია, დარჩენილი, მიმდინარე სამუშაოები კი მარტში დასრულდება.

„საზოგადოებას დავპირდით, რომ იანვრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა. დღეს პირველი თებერვალია და საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები, ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად არის შესაძლებელი. ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. არ მინდა შეცდომაში შევიდეს საზოგადოება და იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდა. აქ საგზაო ნაწილზე იყო ლაპარაკი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. რაც შეეხება გარე განათების ბოძებს, გამზირის ერთ მხარეს დამონტაჟებულია, ხოლო მეორე მხარეს მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები. გარდა ამისა, ეზოებში შესასვლელები მოწესრიგდება, დაიგება ასფალტი, გზა დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დაყენდება. ყველაფერი გაკეთდება ისევე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში. ძალიან ლამაზი გამზირი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად დასრულდება სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გზის შუა ნაწილში განთავსდება საავტობუსო ზოლი, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისუფლად და სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და LED ლამპიონების მონტაჟი, ხოლო მეორე მხარეს კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.

სრულდება უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში დასრულდება შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოები.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟი, რომელიც მარტში დასრულდება.

 

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები