ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 2, 2024 18:23 საათი

თბილისი

Dec 2 - Mon
Tbilisi, GE
6°C broken clouds

ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი მილიონ ფუნტად შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადასცემს

ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.

ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.

პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელნაწერები მარტინ შოიენის კოლექციიდანაა.

1955 წლის ზაფხულში ფლორენციაში 15 წლის მარტინ შოენმა შეიძინა თავისი პირველი ანტიკვარული წიგნი – ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წ. ამ ხელნაწერის შეძენიდან დაიწყო ოდესმე შეკრებილი ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ისტორია. ხელნაწერი წიგნი გაიყიდა.

1980-იანი წლების ბოლოს მარტინ შოენი და მისი კოლექცია ცნობილი გახდა აუქციონის სახლებისთვის, მეცნიერებისა და დილერებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი მასშტაბისა და ხარისხის კოლექციის შეგროვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტინ შოიენმა წარმატებას მიაღწია.

კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორებიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში, ასევე, წერს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი.

„კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!“ – აღნიშნულია გრძელიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები