ე.წ. სამხრეთ ოსეთში დააკავეს დაჯგუფება, რომელიც საქართველოში საწვავს ყიდდა. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი t.me/chreba_media იუწყება.
„ამ დაჯგუფების მიერ მელიორაციის დაკონსერვებული სისტემის გამოყენებით გაყვანილი იყო პლასტიკური მილი, რომელიც ცხინვალის სამხრეთ შემოგარენს საქართველოს ტერიტორიასთან აკავშირებდა. ამ გზით კონტრაბანდისტებმა 50 ტ. საწვავის გადაქაჩვა მოახერხეს“, – განაცხადეს ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტში.
დაკავებულია ცხინვალის 4 მკვიდრი. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ქმედება „მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ, რადგანაც საწვავ-საპოხი მასალების გამოყენება სამხედრო მიზნებშია შესაძლებელი“.