ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 10, 2024 07:29 საათი

თბილისი

აპრ 10 - ოთხ
Tbilisi, GE
12°C few clouds

კოლექტიურმა დასავლეთმა უნდა გაიაზროს, რომ დაწესებული სანქციები რუსეთს სათანადოდ ვერ აზარალებს, ამ სანქციების შემდეგ დოლარი და ევრო უფასურდება, ხოლო რუბლი მყარდება – ნანა კაკაბაძე

„კოლექტიურმა დასავლეთმა უნდა გაიაზროს, რომ დაწესებული სანქციები რუსეთს სათანადოდ ვერ აზარალებს, რომ ამ სანქციების შემდეგ დოლარი და ევრო უფასურდება, ხოლო რუბლი მყარდება. ინფლაცია დასავლეთის ქვეყნებში რეკორდულია, მისი მცხოვრებლები უკვე წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის დაზოგვაზე გადადიან, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი დამატებით ტვირთად აწვება მათ ბიუჯეტებს, წინ კი მძიმე ზამთარია, რის გამოც ახალი გზებია მოსაძებნი რუსეთთან საბრძოლველად, თორემ რუსეთი უკვე ადაპტირდა ასეთი სანქციების პირობებში“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთს იმაზე აქვს გათვლა, რომ დასავლეთს არავითარი გეგმა „ბ“ არ გააჩნიაა

როგორც კაკაბაძე წერს, ფაქტია, რომ მხოლოდ სანქციების და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ყველა იმედის დამყარებამ დღემდე მხოლოდ შეანელა და შეაფერხა, მაგრამ ვერ შეაჩერა რუსული საოკუპაციო ჯარების წინსვლა უკრაინის ტერიტორიაზე.

„შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული პროგნოზების უმრავლესობა არ გამართლდა. ვერც რუსეთმა მოახერხა, უმოკლეს დროში მთელი უკრაინის, თუნდაც დონბასის ოკუპირება, ვერც უკრაინამ წამოიწყო კონტრშეტევა და ვერ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. არადა, სწორედ ასეთი ტიპის პროგნოზებს ვკითხულობდით ომის დაწყებიდან დღემდე, სადაც მუდამ ჩანდა ამა თუ იმ ეგრეთწოდებული ანალიტიკოსის მხრიდან, სასურველის რეალურად წარმოჩენის მცდელობები. „ანალიტიკოსთა“ მხრიდან, გაჩნდა პროგნოზების ახალი მიმართულებები: …

„როგორც კი რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, მისი ფედერაცია დაიწყებს დაშლას. შიგნით აუჯანყდება დამონებული რესპუბლიკები და დარჩება მხოლოდ მოსკოვის ოლქი. მანამდე ქართულმა მთავრობამ უნდა იმუშაოს აფხაზებთან და ოსებთან შემორიგებაზე. თანაც, როგორც კი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, აფხაზებს და ოსებს თვითონ მოუნდებათ საქართველოში ცხოვრება ანუ თვითონვე მოახდენენ დეოკუპაციას.“..

„როცა რუსეთს შიგნიდან დაენგრევა ეკონომიკა, ჩამოექცევა ქვეყანა და თავის როსგვარდეიცებსაც ვეღარ გადაუხდის ფულს, რათა დაიცვან რუსეთის რეჟიმი, მერე გაუშვებს პუტინი ხელს ყველაფერს, შიგნიდან აფეთქდება და დაიშლება ისევე, როგორც 90-იანებში საბჭოეთი. ამას დრო სჭირდება, მაგრამ აუცილებლად ასე მოხდება”. მოკლედ, ასეთი სუპერ ოპტიმისტი ანალიტიკოსების მიხედვით, ჩვენც და დემოკრატიულ სამყაროსაც ვარდისფერი პერსპექტივები გველოდება და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, აღვიჭურვოთ მოთმინებით. ასეთ ვარდისფერ მომავალს არ გვიხატავენ ოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაციები. ისინი ამბობენ, რომ დემოკრატიულ დასავლეთს ბევრი დაბრკოლებისა და გაჭირვების გადატანა მოუწევს, თუმცა, ბოლო მაინც კეთილი იქნებაო. კერძოდ: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროპა ამ ზამთარში ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ევროკავშირის გეგმა ბუნებრივი აირის 15%-ით შემცირების შესახებ, ძალაში შევიდა, რასაც ევროკავშირის 27 ქვეყანა 2 კვირის წინ დათანხმდა. „ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა ყველა ღონე უნდა გამოიჩინონ, რომ აგვისტოდან მომავალი წლის მარტამდე გაზის მოხმარება მინიმუმ 15%-ით შეამცირონ. მათ ჯამში 45 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა დაზოგონ. გერმანიამ უნდა შეამციროს გაზის მოხმარება დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრით 15%-იანი შემცირების მიზნის მისაღწევად… თუ საკმარისი მოცულობის დაზოგვა ვერ მოხერხდება ფართო მიწოდების დეფიციტის ფონზე, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ევროკავშირის მასშტაბით განგაშის ამაღლება და სავალდებულო მიზნების დაწესება გაზის მოხმარების შესამცირებლად. ეს ნაბიჯი მოითხოვს ევროკავშირის მინიმუმ 15 ქვეყნის თანხმობას, რომლებიც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65 პროცენტს შეადგენს… ამავდროულად, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა უნგრეთი, ესპანეთი და იტალია, თავისი თავისთვის უზრუნველყო გამონაკლისი გაზის დაზოგვის გეგმიდან და აპირებს შეამციროს მოხმარება 15%-ზე ნაკლებით. საგანგებო გეგმა ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს“.

ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადების მიხედვით, ეს არის რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმის მცდელობის საფასურის გადახდა ევროპელთა მხრიდან, რადგან თუ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვა, მერე უკვე პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს და სხვებს მიადგება, რის გამოც ის კოლექტიურმა დასავლეთმა აუცილებლად უკრაინაშივე უნდა დაამარცხოს. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ასეთი პოლიტიკის წარმართვით რუსეთს ვერაფერს დააკლებენ და დასავლეთი მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას აყენებს ზიანს. რუსეთი ისედაც ითვისებს ენერგომატარებლების გასაღების ახალ ბაზრებს აზიასა და აფრიკაში, ხოლო თვითონ ევროპელი ანალიტიკოსების განმარტებით, ვითომ სანქციების ქვეშ მოხვედრილ რუსულ გაზს და ნავთობს შავ ბაზარზე, შემოვლითი გზით და უფრო ძვირად მაინც ყიდულობენ ევროპული კომპანიები და ამ გზით რუსეთის ბიუჯეტი ყოველდღიურად მილიარდ დოლარს იღებს. რუსეთის ხელისუფლება ევროპელების შეზღუდვებთან შეუგუებლობაზე და შეუთავსებლობაზე აკეთებს აქცენტს და თვლის, რომ ისინი დიდხანს ვერ გაძლებენ ასეთი დისკომფორტის პირობებში ცხოვრებას, დაიწყებენ მასობრივ გამოსვლებს საკუთარი ხელისუფლებების წინააღმდეგ, რაც პოლიტიკურ კრიზისებში გადაიზრდება. ბევრ ქვეყანაში ეს ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლილებებს გამოიწვევს და შეიძლება თანდათან ევროპული საზოგადოების დიდი ნაწილის ანტირუსული განწყობები ანტიუკრაინულით შეიცვალოს.

კოლექტიურმა დასავლეთმა უნდა გაიაზროს, რომ დაწესებული სანქციები რუსეთს სათანადოდ ვერ აზარალებს, რომ ამ სანქციების შემდეგ დოლარი და ევრო უფასურდება, ხოლო რუბლი მყარდება. ინფლაცია დასავლეთის ქვეყნებში რეკორდულია, მისი მცხოვრებლები უკვე წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის დაზოგვაზე გადადიან, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი დამატებით ტვირთად აწვება მათ ბიუჯეტებს, წინ კი მძიმე ზამთარია, რის გამოც ახალი გზებია მოსაძებნი რუსეთთან საბრძოლველად, თორემ რუსეთი უკვე ადაპტირდა ასეთი სანქციების პირობებში. უფრო მეტიც, რუსეთს იმაზე აქვს გათვლა, რომ დასავლეთს არავითარი გეგმა „ბ“ არ გააჩნია. ფაქტია, რომ მხოლოდ სანქციების და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ყველა იმედის დამყარებამ დღემდე მხოლოდ შეანელა და შეაფერხა, მაგრამ ვერ შეაჩერა რუსული საოკუპაციო ჯარების წინსვლა უკრაინის ტერიტორიაზე.

იმ სახიფათო პერსპექტივის იგნორირებამ კი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, შეიძლება ევროპული ქვეყნები კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანოს და რუსეთის წინააღმდეგ მათ მიერ დაწესებული სანქციების პოლიტიკა მათთვისვე აღმოჩნდეს წაგებიანი და რუსეთისთვის მოგებიანი. სასურველის რეალობად წარმომჩენი „ანალიტიკოსებისთვის“ ასეთი ვერსიის თუ პერსპექტივის გაჟღერებაც კი ალბათ „პრორუსულად“ და „მოღალატეობრივად“ ჩაითვლება, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ვერსიის სერიოზულობას გაიზიარებს ყველა ის გონიერი ადამიანი, ვინც რუსეთ-უკრაინის ფრონტის კონტექსტიდან შექმნილ საერთაშორისო ვითარებას განსჯის რეალურად და ცივი გონებით და არა ურაპატრიოტული აღტყინებით“, – წერს ნანა კაკაბაძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები