ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 22:54 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
18°C clear sky

პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის და 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის და 2022 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო კოლეგებს და მოწვეულ სტუმრებს.

„ძალისხმევა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის და UNDP-ის დახმარებით გასწია – როგორც წლიური ანგარიშის, ისე სამოქმედო გეგმის შინაარსის, ფორმისა და სტრუქტურის სისტემური ანალიზის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მოხდეს პარლამენტში როგორც სამოქმედო გეგმების, ისე ანგარიშების სტანდარტიზაცია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებაზე, ასევე, მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა კომიტეტების საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და შემდეგ, საზოგადოებისთვის გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ჩაბარების მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. სტუმრებს სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

„ეს გაკეთებული საქმე მარტო იმიტომ კი არა არის მნიშვნელოვანი, რომ ეხება აგრარულ საკითხთა კომიტეტს, ეს არის ისეთი რამ, რაც შეხებაშია ყველა კომიტეტთან, ეს აყალიბებს ახალ სტანდარტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის მზარდი დემოკრატიის ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ პარლამენტი თავის ინსტრუმენტებს აძლიერებს და აქვს იმის უნარი, რომ ემსახუროს თავის ხალხს, ემსახუროს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და ამისათვის სწორად განსაზღვროს თავისი მისიები“, – განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

ნინო წილოსანმა კოლეგებს და სტუმრებს კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

„პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება სტრატეგიული ამოცანაა, რომელსაც რა თქმა უნდა ბოლო ათწლეულების მანძილზე, თითოეულ ეტაპზე, თავისი დატვირთვა და დანიშნულება ჰქონდა. პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება განსაკუთრებით მაღალ ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც ახალი რეგლამენტი მივიღეთ და პარლამენტს საზედამხედველო ფუნქციას სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები დაემატა. ახლაც, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, სურვილი გვაქვს და გვინდა რომ პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება უკვე პრაქტიკულ გამოხატულებაში გადავიდეს“, – მიმართა ნინო წილოსანმა მოწვეულ სტუმრებს.

მისი თქმით, გასულ წელს, სამოქმედო გეგმით კომიტეტის საქმიანობის 4 ძირითადი მიზანი განისაზღვრა: კანონშემოქმედებითი საქმიანობა აგრარული პოლიტიკის მიმართულებით; საზედამხედველო საქმიანობა; გარე კომუნიკაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ამოცანებსა და აქტივობებზე, რომლებიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად შეიმუშავეს, მათ შორის, კომიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე. ნინო წილოსანმა 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაინერგა მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული მართვის პრინციპები და თანამედროვე საჯარო მმართველობის სტანდარტები. მან ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლების 2022 წელს დგას კომიტეტის წინაშე, მათ შორისაა: კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება; კომიტეტის საქმიანობის ექსპერტული მხარდაჭერა; საზედამხედველო ინსტრუმენტების გაძლიერება და სრულად ამოქმედება; ნააკის (ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი) და თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირების მაჩვენებლის გაუმჯობესება. „აღნიშნული მოკვლევების პროცესში გაცემული რეკომენდაციების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სათანადოდ რეაგირების ხარისხი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულებით კარგავს ეს პროცესი აზრს, თუ მხოლოდ პარლამენტის შიგნით დარჩება ეს რეკომენდაციები. სისტემური ცვლილებები, რაც სამოქმედო გეგმასა და ანგარიშში განვახორციელეთ, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად საინტერესო პრაქტიკა იქნება სხვა კომიტეტებისთვისაც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგეგმება მნიშვნელოვანი გადააზრება და სერიოზული რეფორმირება ბევრი მიმართულებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ჩვენი კომიტეტი კარგ საპილოტე მაგალითად შეიძლება იყოს მოსაზრებული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და UNDP-ს დახმარებისათვის, ყველა დონორ ორგანიზაციას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები