ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 12:44 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
23°C overcast clouds

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

ასევე, მოქალაქეები, რომლებიც აპირებენ ჩინეთში 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, მედიასაშუალებაში ან სხვა სახის საქმიანობას, ვალდებული არიან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად.

ჩინეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, შემდეგი:

• ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, თან უნდა იქონიონ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა ჩინეთში ყოფნის პერიოდს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 თვით, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვებაზე;

• ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეზღუდულია სხვადასხვა სოციალური და მობილური პლატფორმით სარგებლობა.

• ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ელექტრონული გადახდის სისტემები – Alipay, WeChat Pay. ამასთან, WeChat Pay-ზე ელექტრონული საფულის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ჩინური საბანკო ბარათით. ხოლო Alipay-ს შევსება შესაძლებელია ნებისმიერი უცხოური ბარათითაც;

• ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება ჩინური კანონმდებლობის ნორმებს. საქართველოს საკონსულო სამსახური მოქალაქეს დახმარებას უწევს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

• ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრძალულია სამხედრო, სამთავრობო და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება, თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები