თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ ქვეყანაში აშშ-ის ელჩს, ჯეფრი ფლეიკს მიმართა და მოუწოდა, „შორს ჰქონდეს ბინძური ხელები თურქეთისგან“. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„აშშ-ის ყველა ელჩი, როგორც კი ჩამოდის თურქეთში, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება თურქეთში გადატრიალების მოწყობა. ეს თურქეთისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა. ისინი აწყობენ ელჩების შეხვედრებს და ცდილობენ, სხვა ქვეყნების ელჩებს რჩევები მისცენ. ამავეს აკეთებენ ევროპის ქვეყნებში, ევროპას აშშ-ის საელჩოები მართავენ. მივმართავ ელჩ ჯეფრი ფლეიკს: ვიცი, რომელ ჟურნალისტებთან გაქვთ ურთიერთობა. შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან. ყველაფერი ნათელია, მე კარგად ვიცი, რას აკეთებთ და რა ნაბიჯებს დგამთ“, – განაცხადა სულეიმან სოილუმ.
მანამდე აშშ-ის საელჩომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე სტამბოლში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების გამო. მოგვიანებით, აშშ-ის საელჩოს გაფრთხილების საფუძველზე, ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოებმაც გაავრცელეს.