ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 20:54 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
12°C scattered clouds

„ჩვენი ხმა ევროპას“ – პრეზიდენტმა პეტიცია დააინიცირა

„ჩვენი ხმა ევროპას“ – ამ სახელწოდებით პეტიცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა. ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ – ევროპის ლიდერებს – დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.

მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ – ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბრის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭონ თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები